ყიზილ-ბეიიტი ჯალალ-აბადის ოლქის აქსის რაიონში მდებარეობს და უჩვეულო გეოგრაფიით გამოირჩევა. ერთი მხრიდან სოფელს მაღალი მთები აკრავს, მეორე მხრიდან კი მდინარე ნარინი ჰყოფს დანარჩენი ხმელეთისგან. გარე სამყაროსთან სოფელს ძირითადად ბორნები და ნავები აკავშირებს.
ოდესღაც, როცა მანქანები ჯერ არ არსებობდა და ხალხი ძირითადად ცხენებითა და ვირებით გადაადგილდებოდა, ყიზილ-ბეიიტი აყვავებული სოფელი იყო. მერე სოფელსა და ხმელეთს შორის კავშირი შესუსტდა და მისი ბედიც შეიცვალა. მოსახლეობა ნელ-ნელა შემცირდა, სოფელმა კი ძველი მნიშვნელობა დაკარგა.
ვაკე მიწა აქ ცოტაა, ამიტომ სახლები ბორცვიან ფერდობებზეა შეფენილი. მცხოვრებლები თხასა და ძროხას უვლიან და რძითა და კარაქით ირჩენენ თავს. ვინც სიმშვიდეს ეძებს, ყიზილ-ბეიიტში ქალაქის ხმაურისგან დაისვენებს, თუმცა ზოგიერთ უხერხულობასაც უნდა შეეგუოს.
სოფელში ამჟამად ელექტროენერგია არ არის, ამიტომ განათებისთვის, ტელევიზორის საყურებლად და მობილურების დასატენად მზის ენერგიას იყენებენ. თანამედროვე ადამიანს ღამე დენის გარეშე შეიძლება მოუხერხებლად მოეჩვენოს, მაგრამ ეს შესაძლებლობაა, ქალაქის აურზაურისგან შორს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ბუნების სისადავე იგრძნოთ.







