თანამედროვე სათხილამურო ბაზა „ყარაყოლი“ ყირგიზეთის ისიკ-კულის ოლქში, ქალაქ ყარაყოლიდან 7 კმ-ში მდებარეობს. საბჭოთა პერიოდში აქ ოლიმპიური ნაკრები ვარჯიშობდა. 2004 წელს ბაზა სრულად განახლდა.
დღეს „ყარაყოლი“ იდეალური ადგილია არა მხოლოდ სპორტსმენების ვარჯიშისთვის, არამედ აქტიური დასვენებისთვისაც.
ბუნებრივი პირობების წყალობით ყარაყოლის სათხილამურო ბაზა გამორჩეული კურორტია. იგი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ტიან-შანის ფერდობებზე, დიდებულ წიწვოვან ტყეებს შორის მდებარეობს. რბილ კლიმატს მაღალმთიანი ისიკ-კული განაპირობებს, რომელიც არასოდეს იყინება, ამიტომ თხილამურებით სრიალით სრულად დატკბებით. ზამთარში დღისით ჰაერის ტემპერატურა იშვიათად ეცემა -5 °C-ზე დაბლა. მზიანი დღეები ბევრია, ამიტომ თხილამურებით სრიალსა და მზეზე გარუჯვას ერთდროულად შეძლებთ. სათხილამურო სეზონი ნოემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში თოვლზე საფიქრალი არ გექნებათ — მიწას მკვრივი, 1,5-დან 2,5 მეტრამდე სისქის საფარი ფარავს.
ზამთარში აქ მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების სამოთხეა. თოვლმავლით გასეირნება ზამთრის ტყეში კარგ განწყობასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. ზაფხულში კი იშვიათი შესაძლებლობა გეძლევათ: ჯიპით შთამბეჭდავად იმოგზაუროთ მთის გზებზე, ნამდვილ მხედრად იგრძნოთ თავი და ცხენით მთის მწვერვალები დაიპყროთ ან საუკეთესო ტურისტული მარშრუტებით საინტერესო ლაშქრობაში წახვიდეთ.
წლის ნებისმიერ დროს რომ ეწვიოთ „ყარაყოლს“, მშვენივრად დაისვენებთ და ყირგიზეთის ხელუხლებელი ბუნების სილამაზესა და სრულყოფილებას აღმოაჩენთ.







